ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დაიწყო. ევროპელი დეპუტატები ხაზს უსვამენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზსს და მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მათივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, არსებული კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ.
ევროპარლამენტარები საუბრობენ პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზეც.
ევროპელი დეპუტატები მიესალმებიან შარლ მიშელის გადაწყვეტილებას, გამოგზავნოს საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი - კრისტიან დანიელსონი, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღეში ჩამოვა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.