რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, შეხლა-შემოხლის დროს დაზიანებული მორაგბე სიმონ მისურაძე ამბობს, რომ მის მიერ ნაპოვნი პირბადე წარწერით "რაგბი ჩვენი სამშობლოა", იმ ბიჭებს ეკუთვნოდა, რომლებიც ექსპო ჯორჯიაში მივიდნენ, მაგრამ "არამორაგბეები" იყვნენ.
მისივე თქმით, მათი მხრიდან აგრესია არ ყოფილა.
"არავისთვის დაზიანების მიყენება არ გვინდოდა, ამიტომ რაგბის ტექნიკური ილეთი გამოვიყენეთ, მოლი დავაყენეთ და მივაწექით. მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ პირბადე, რომელიც იქ მოსულ ბიჭებს ჰქონდათ, ისინი არამორაგბეები იყვნენ და სავარაუდოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც არ იყვნენ, არც იცოდნენ, რისთვის იყვნენ მოსულები, ზონდერები იყვნენ... სამარცხვინოა, რომ ბატონ იოსებს ეს ხალხი დასჭირდა", - განაცხადა სიმონ მაისურაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად, რომლის კანდიდატურა რაგბის კავშირის პრეზიდენტად ორჯერ დაახარვეზა საჯარო რეესტრმა, ათასამდე მორაგბე შეიკრიბა.
რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც დაშავდა "მთავარი არხის" ოპერატორი, ასევე, იყო შემთხვევა, როცა "ექსპო ჯორჯიასთან" თავშეყრილი გაურკვეველი ჯგუფის წარმომადგენლები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაემუქრნენ.