
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის. მისი ინფორმაციით, სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილობრივ პროკურატურას თავადვე უნდა აჩვენოს გზა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრამდე გაიარა, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ეძლევა. მისივე თქმით, ქვეყანაში არშემოშვებით დაირღვა მისი უფლება, ესარგებლა სამართლიანი გამოძიებით და სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს.
როგორც მუხთარლი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მისი საქართველოში ყოფნა აუცილებელია, რადგან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თავად უნდა მიიღოს და აჩვენოს პროკურატურას, საიდან გაიტაეს.
მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლმა, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს პროცედურული წესია. როდესაც [აზერბაიჯანის] ციხეში ვიყავი, ქართულმა უწყებებმა მითხრეს, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ ჩემი დაკითხვის უფლებას. უკვე ერთი წელია, თავისუფალი ვარ და ქართული უწყებები არ მაძლევენ საშუალებას, საქართველოში ჩავიდე, - წერს მუხთარლი.
აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ვერ ჩამოვიდა.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.