
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი საქმის გამოძიება საქართველოს არ სურს, რადგან დანაშაულში წვლილი თავადაც მიუძღვის. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში შემოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
"საქართველოს მხარეს არ სურს საქმის გამოძიება, ვინაიდან თვითონ ჩაიდინეს დანაშაული. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ჩემს შემოშვებას ქვეყანაში. ის პროცესი, რასაც სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ არა გამოძიება, არამედ გამოძიების იმიტაციაა. ორჯერ მივმართე წერილობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას რათა ჩამოვსულიყავი და მონაწილება მიმეღო საგამოძიებო მოქმედებებში, მიმეცა დეტალური ჩვენება და მეჩვენებინა შემთხვევის ადგილი, ის გზა, საიდანაც გამიტაცეს და აზერბაიჯანში წამიყვანეს. [...] დანაშაული საქართველოს ხელისუფლებამ და აზერბაიჯანულმა მხარემ ერთობლივად ჩაიდინეს, თუკი ჩემი ჩამოსვლა ვერ მოხერხდება, იძულებული გავხდები მივმართო ევროპულ სასამართლოს, თხოვნით, რომ საქმე სხვა ქვეყანამ გამოიძიოს", - თქვა აფგან მუხთარლიმ.
მისი განცხადებით, აზრადაც არ ჰქონია წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, რაც მიზეზად ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა, მათ სარჩელი წარმოებაში მიიღეს და ახლა ის შედეგის მოლოდინშია.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.