
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" Facebook-ჯგუფზე თავდასხმაზე მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს.
მივმართავთ ხელისუფლებას, გვესმის, რომ უკვე ყველაფერი დიდ პრობლემას გიქმნით და თქვენი გემის ჩაძირვის ფონზე, გარშემო ყველაფრის მობღაუჭებას ცდილობთ. გვესმის, რომ გეგონათ, ყველაფრის ფულითა და კრიმინალური გავლენებით მართვას შეძლებდით, თუმცა, შეცდით. ისიც გვესმის, რომ შეცდომის აღიარება თქვენი ძლიერი მხარე სულაც არ არის და ის უკანასკნელი წევრიც კი გამოგეცალათ, ვინც რამის გამო თუნდაც ფსევდობოდიშს მოიხდიდა. მაგრამ ხომ არსებობს ის მიჯნა, რომლის მიღმაც თქვენი ქმედებები უკვე სამწუხაროდ სასაცილოა?... ...თქვენი მთავარი მტერი ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვაა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და ვისაც არ უნდა მიადგეთ ხვალ, რომელი ტელევიზიის ხელში ჩაგდებაც არ უნდა მოისურვოთ, რომელი ლიდერიც არ უნდა დააკავოთ და რომელი ბავშვიც არ უნდა დააშინოთ, იცოდეთ, რომ უკვე დამთავრებულია თქვენი უკანონო და შეუზღუდავი ბოგინი ამ ქვეყანაში და სანამ დროა, ზემოთ ხსენებული ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან მოასწარით - და ხმელეთზე გადახტით, - წერს "სირცხვილია".
ამავე თემაზე:
მოძრაობა "სირცხვილია" სოლიდარობას უცხადებს TV პირველს, რომელთან დაკავშირებითაც, დღეს, 11 მარტს, სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მოგვიანებით, უწყებამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.
ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე: