ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ შეთანხმების მისაღწევად კომპრომისულ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხრიდან.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრები არ დასრულებულა და ის დღის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.
"ოპოზიციის მხრიდან ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ ამ წუთში კომპრომისები მნიშვნელოვანია ორივეს მხრიდან და ასევე ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ სანამ ეს ადამიანია ჩამოსული, მანამ შევძლოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმა კრიზისს, რომელიც ახლა არის ქვეყანაში.
სხვა დეტალებს ამჯერად ვერ მოგიყვებით. ცხადია, ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები კიდე გაგრძელდება დღეს და მეც იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი",-თქვა ჯაფარიძემ.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიენ დანიელსონი, მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა.
ამავე თემაზე: