"მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ" - "ოცნებისა" და დანიელსონის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება. კობახიძე იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონი ამ მოლაპარაკებებშიც ჩაერთვება. ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ოპოზიციას ევროპელი დიპლომატებისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა ისაუბრეს და დაასახელეს რამდენიმე საკითხი, ე.წ. წითელი ხაზები და სწორედ ეს იყო პირობის დარღვევა: "ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორებს, მათგან განსხვავებით".

"ქართული ოცნების" წევრებთან მეორედ შეხვედრამდე დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ამაზე როგორც "ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების წევრები საუბრობენ. 

ამავე თემაზე: 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი