საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის პლატფორმას წარმოადგენს. განცხადება ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერის დასტური იყო.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ვალდებულებაზე და მის ვალდებულებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვსაუბრობთ სანდო დემოკრატიულ პარტნიორზე. საქართველო წარმოადგენს დემოკრატიის პლატფორმას პრობლემებით სავსე რეგიონში. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამ რთულ გზაზე წავიდეთ, მაგრამ ეს იქნება რეფორმების ფონზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ თავის ევროპულ მისწრაფებაში. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად იყო დასტური ევროკავშირის მხარდაჭერისა. ჩვენ ვაპირებთ 2024 წელს განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.
შარლ მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ეს გადაწყვეტილება მან 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.