
ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოსთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.
ჩემგან პატივისცემა ჰანს ვან ბაალენს, კრისტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, მაიკლ გელერს და დონალდ ტუსკს. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოში რეალური, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის, - წერს პავილიონისი.
საქართველოში უკვე მე-5 დღეა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს ევროპული საბჭს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. ქვეყანაში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა, დანიელსონი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.
შარლ მიშელი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით წასულ ირაკლი ღარიბაშვილს 15-16 მარტს უკვე სამჯერ შეხვდა.