
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის" - ამის შესახებ მან ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
დღეს შესაძლებელი იყო, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმების მიღწევა, "ქართული ოცნება" მზად იყო ამ ნაბიჯებისთვის, მაგრამ ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს, მათი პარტიული ინტერესის საგნებს. ვფიქრობ, პოზიციები ნამდვილად დაახლოვდა, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას. ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, - თქვა თალაკვაძემ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: