
"ჩემი აზრით, გამოძიება ცალსახად უნდა დაიწყოს", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო, შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის, შესახებ მედიაში გასულ სიუჟეტებს ფარულ მოსმენებზე. ამის გამო საბანაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.
როგორც სერგეენკო ამბობს, გადადგომის მთავარი საკითხი, ალბათ მოსმენების თემაა.
"საბანაძის გადადგომის შესახებ მე ამ დილით გავიგე მედიიდან. მეტი დეტალები სამწუხაროდ არ ვიცი. აქ მთავარი საკითხი არის ალბათ ფარული მოსმენის თემა, რომელიც ასევე მედიაში გაჟღერდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დეტალურად აიხსნას ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებულიც იქნას. ჩემი აზრით, გამოძიება ცალსახად უნდა დაიწყოს. ამ წუთისთვის ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთო რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა დავით სერგეენკო.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კახა საბანაძის თანამდებობიდან წასვლა მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნების" ეროზიის პროცესი დაწყებულია". როგორც მანჯგალაძე ამბობს, "ნორმალურ ქვეყანაში" ამის გამო ხელისუფლება გადადგებოდა.
ცნობისთის, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, თანამდებობა დღეს, 23 მარტს დილით დატოვა. მან ამის მიზეზად, მედიაში გასულ სიუჟეტები დაასახელა. ცნობისთვის "მთავრის" გადაცემაში "პოსტ ფაქტუმი" გავიდა სიუჯეტი, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი, ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს ამონტაჟებდა.