200 ლარის სანაცვლოდ პირი PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ყალბ დოკუმენტებს გასცემდა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა იმერეთში მოხდა. 

ბრალდებული ყალბ ცნობებს 200 ლარის სანაცვლოდ გასცემდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი