
"სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა", - ასეთ კომენტარს აკეთებს გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელიც პატიმრობიდან გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა.
მისი თქმით, გარდაცვლილი ძალადობდა და იძულებული გახდა მოეკლა.
"მიუღებელი იყო რაც მე დამემართა და დღესაც ძალიან ვნანობ ამას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მკვლელობა არც განზრახული ყოფილა, არც შურისძიება ყოფილა, სიტუაციამ მოიტანა, მე არ ვგრძნობ თავს სულ უდანაშაულოს, მე არც ჩემ წილ პასუხისმგებლობას გავურბივარ. მოვითხოვ, რომ ვაგო იმ დანაშაულზე პასუხი, რაც დავაშავე, მაგრამ მე რაც 16-დან 20-წლამდე მომისაჯეს, ეს არ მეკუთვნის. მე არც ვინმე მყავს და არც არაფერი... ნაფიცი მსაჯულები მოვითხოვე, მინდა, რომ ხალხმა განსაჯოს... სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა, იქ მოხდა რაც მოხდა. ეგ იყო ერთადერთი პიროვნება, ვინც მე სასიკვდილოდ გამიმეტა, სასიკვდილოდ მირტყამდა და ძირს დამაგდო, მე დიალეზიანი ავადმყოფი ვარ. არანაირად არ დამზოგა გარდაცვლილმა", - ამბობს ბრალდებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 2020 წლის 28 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი კი თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს. ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია.
ავტორი: ია გულიაშვილი.
ამავე თემაზე: