ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ღია წერილს ავრცელებს და წერს, რომ ემიჯნება ძველ და ახალ ხელისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ისინი ძალაუფლების დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად აკეთებენ. მომღერალი აცხადებს, რომ არასდროს იქნება არცერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დააფასებს და ცუდს არავის აპატიებს.
"უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ 9 წელი სად იყავიო ტროლები რომ მეკითხებით, გიპასუხებთ რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი მაგრამ მაშინ ჩემს აზრს ოჯახის წევრები იწონებდნენ ფბ-ზე მხოლოდ და რამოდენიმე მეგობარი, რადგან არავინ არ მიცნობდა ჯერ. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, მინისტრების გულავს ხალხის ხარჯზე, უსამართლობას, მკვლელობებს, დარბევებს და ყველა იმ მარაზმს და კრიმინალს რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა. თუმცა ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც და იმ ფაქტსაც რომ ქვეყანა წყვდიადიდან გამოიყვანეს და იქამდე მიგვაქანებდნენ განვითარებისკენ სანამ არ დაავიწყდათ ვისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
რაჭველიშვილი წერს, რომ წინა და ამ მთაოვრობაშიც უმეტესობა ხალხის კმაყოფაზე მყოფი კორუმპირებული კრიმინალები არიან. მისივე თქმით, ოცნებობს, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მომავალზე.
"ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოში ყველას გვაქ აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. ზრდილობის,ცივილურობის და ერთმანეთის პატივისცემის ფარგლებში!თუ ზრდილობა დედამ არ გასწავლათ მაშინ თავი შეიკავეთ რამეს წერისგან! ცუდი სიტყვა ისევ მთქმელს უბრუნდება ყოველთვის და მას აზიანებს!
მე არასდროს არ წავალ პოლიტიკაში რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. მიყვარხართ ჩემებო", - წერს რაჭველიშვილი.
რაჭველიშვილი აცხადებს, რომ ამ პოსტით კულუტრის მინისტრს თეა წულუკიანს ბოდიშს არ უხდის და ისევ მიაჩნია, რომ მისი ადგილი ამ სამინისტროში არაა. მისივე განცხადებით, ზეწოლა ვერ გააჩუმებს.
"მე არ ვიყავი,არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ და იცით რატომ? იმიტომ რომ ის იქნება ჩემთვის ღირსეული ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს! ეს მთავრობა რომ გვანგრევს და თვითონ მდიდრდებიან ეგ კი ვიცი და ვხედავ და ამიტომაც მიმაჩნია წმინდა წყლის სიბოროტედ ქართული ოცნება და ივანიშვილი", - წერს რაჭველიშვილი.