"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სამართალდამცავები 6 პირს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.
აქტივისტების უფლებადამცველი ამბობს, რომ სტიკერების გაკვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს ისინი. დღევანდელ პროცესზე ადვოკატი
აქტივისტების გათავისუფლებისა და პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან, შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დაცვის მხარეს გონივრული დრო სჭირდება.
ექვსი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წარმოებით, არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ჩემი ინფორმაციით, ეს ყველაფერი ხდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. იგივე სტიკერის გაკვრა ბოძზე, თუ სხვა შენობა-ნაგებობის ფასადზე დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, ეს არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
დღეს დაცვის მხარე იშუამდგომლებს საქმის გადადებას და დაკავებულების გათავისუფლებას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად, მტკიცებულებების მოსაპოვებლად. პოლიტიკური სარჩული ამ ქვეყანაში აქვს ყველაფერს, განურჩევლად მისი მნიშვნელობისა და აქტუალობისა, - ამბობს გიორგი მახარაძე.
საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება, თითოეული დაკავება, თითოეული ადმინისტრაციული საჩივარი, სისხლის სამართლებრივი დევნაც კი, რომელიც ჩვენზე დაიწყეს კომენდანტის საათის ხელმეორედ დარღვევის გამო, ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და ემსახურება გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, - ამბობს ნიკუშა ფარულავა.
"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადეს. პოლიციამ 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქციის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე: