
"პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება", - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს"-ს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გიგაურის თქმით, შეხვედრაზე პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმებიც განიხილეს.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა და ვთქვით, რომ აუცილებელია კომპრომისის მიღწევა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი... ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები და იმას, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში, - ამბობს ეკა გიგაური.
გიგაურის თქმითვე, არასამთავრობებისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და ამ კრიზისის გამოსწორების გზებზე ისაუბრეს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს...
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.