ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან განაცხადა, იმედოვნებს, რომ პარტიებს შორის კომპრომისი მიიღწევა და ეს იქნება მხარეების არა სისუსტის, არამედ სიძლიერის მაჩვენებელი.
ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველი პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. კომპრომისი ევროპული გზაა და ის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. საქართველოში დავრჩები 3 დღის განმავლობაში, - აცხადებს დანიელსონი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიესლონი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.