
ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნების" ინიციატივა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისს წესს ეხება ფასადურია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ცვლილება ე.წ. კლანის მიერ და მათივე გადარჩენისთვის არის შექმნილი.
"კლანის ოფისის წარმომადგენელი ოხანაშვილი რომ რაღაც ტიპის ფასადურ ცვლილებებს დაარეგისტრირებს ამას ვინ ჩათვლის, რომ რეფორმა გატარდა. პირველი უნდა მოხდეს, უნდა შეჩერდეს ყოველგვარი არჩევნები, ყოველგვარი დანიშვნები და გადაადგილებები მოსამართლეების უვადოდ, რადგან ამ ყველაფრის გადანაცვლებით საერთო სურათი და ჯამი არ იცვლება, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ძირეული რეფორმა", - თქვა ეკა ბესელიამ.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ფასადური ცვლილებები "კლანის გაპატიოსნებისთვის" ხვდება და სინამდვილეში სასამართლო პოლიტიზირებულია.
დარეგისტრირებული ცვლილებების მიხედვით: გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და ეს პროცედურა ღია იქნება; პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენენ; იუსტიციის საბჭოს წევრს კი კენჭისყრის დროს მისი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება ექნება.