
ძალადობაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, შიმშილობის გამო მან ამ პერიოდში 15 კილო დაიკლო.
"გუშინ ვიყავი მასთან, მსუბუქ კვებაზე გადავიდა. ძალიან სუსტად გრძნობს თავს შიმშილობის გამო, ჩივილები აქვს და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება", - თქვა ვალერი გელბახიანმა.
მისივე განცხადებით, წულაიას წამლებს ორშაბათს მიაწვდიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.