გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია უკანონო პატიმრობიდან - გადაწყვეტილება 8 აპრილს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა მიიღოს. ოპოზიციონერი ლიდერის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს იწურება, შესაბამისად, ჩანიშნულ პროცესზე მოსამართლე ვალდებულია, აღკვეთი ღონისძიების საკითხი გადასინჯოს.
პატიმარი 224-ე საკნიდან დარწმუნებულია, რომ სასამართლო კვლავ წინასწარ დაწერილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და მას ისევ საპატიმროში დატოვებს. ნიკა მელიამ "მთავარი არხის" კითხვებს კიდევ ერთხელ, ამჯერად წერილობით უპასუხა.
ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი, - ამბობს ნიკა მელია.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისისა და გამოსავლის შესახებ კი მელიას პოზიცია არ შეუცვლია. როგორც ყველა სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ისიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება.
არჩევნების გაყალბება რომ გვერდით გადავდოთ, ბოლო ხუთ თვეში დრამატულად გაუარესდა ადამიანების ყოფა, არანორმალურად გაძვირდა ყველაფერი და გაღარიბდა მოსახლეობა. ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ დაწყევლილ ქვეყნაში ვცხოვრობთ, არამედ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყვავს. ვადამდელი არჩევნები აკვიატება კი არ არის, უბრალოდ მის გარეშე ქვეყანაში შექმნილი კლიმატი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, ჩვენი პატივსაცემი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების მცდელობა ვადამდელი არჩევნების გარეშე უდაბნოს მორწყვის ტოლფასია. მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია ღარიბი და კრიმინალური სახელმწიფო გადააქციოს პროგრესულ ქვეყანად, სადაც ადამიანებს ბედნიერად ცხოვრების საშუალება ექნებათ, - ამბობს მელია.
პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მას სასამართლოდან ისევ რუსთავის საპატიმროში წაიყვანენ. მისგან განსხვავებით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ უფლებადამცველებს. მათი განმარტებით, მელიას პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არც მაშინ იყო როდესაც დააკავეს და რა თქმა უნდა არც ახლა, თუმცა საქმე მათი შეფასებითაც პოლიტიკურია და შესაბამისად, ადვოკატებიც დარწმუნებულები არიან, რომ ზეგ სასამართლო "ქართული ოცნების" დაკვეთას გაახმოვანებს.
ამავე თემაზე: