
"ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურაში რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დანაშაულის თანამონაწილე იქნება.
"დღეს მე მოვედი მთავარ პროკურატურასთან და შემაქვს საჩივარი. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან უსწრაფეს რეაგირებას, იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება რიონის ხეობაში. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ის რასაც შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში აქტივისტებთან და მოსახლეობასთან დაკავშირებით ახორციელებენ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ადგილზე გადაადგილების თავისუფლება უნდა აღდგეს და აქციის მონაწილეებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს ნამოხვანში შეკრების უფლება უნდა მიეცეთ.