
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე გირაოს გადახდაზე თანახმა იქნებოდა, ბრალდების მხარე შესაბამის შუამდგომლობას დააყენებდა.
მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარის განცხადებით, თითქოსდა ბრალდების მხარემ შეცვალა საკუთარი პოზიცია, პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე... დღევანდელ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოსთან პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, - ამბობს პროკურორი ამირან გულუაშვილი.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას ვერ დააყენებდა.
ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა, გარდა ამისა, მოსამართელმ ნიკა მელია პროცესიდან კიდევ ერთხელ გააძევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.