აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მორიგი ბრალდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ - მისი განცხადებით, არ ყოფილა ერთადერთი დისიდენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის რეპრესიებს შეეწირა. მუხთარლი ამბობს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიც, ფარმან ჯეირანლი, რომელიც ამ დრომდე ციხეშია.
"ფარმან ჯეირანლის დიდი ხანია ვიცნობ, ის აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ კლინიკა ჰქონდა, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო კლინიკა იყო, ძალიან პოპულარული. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრები მისგან ქრთამს ითხოვდნენ, დაახლოებით, 5-6 წელი ის ქრთამს არ აძლევდა, და დიდი პრობლემები ჰქონდა ამის გამო, საბოლოოდ მან მიატოვა იქაურობა და ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მას დარჩა კონტრაქტები აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან. მაშინ საქართველოსი 100-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ცხოვრობდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას ბალი დასდო რომ ის რევოლუციას აფინანსებდა, თუმცა ფარმანს არ აქვს ისეთი დიდი ფული, რომ ეს გააკეთოს.
ჩვენ ვთვლით, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს. ის არ უნდა იყოს ციხეში, რადგან ყველამ აღიარა პოლიტიკურ პატიმრად", - თქვა აფგან მუხთარლიმ.
ადვოკატ, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ფარმან ჯეირანლი პოლიტიკაში ჩარეული არ ყოფილა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციომ შეცვალა და პატიმრობა 2 წლამდე შეუმცირა, თუმცა შემდეგ უზენაესმა საქმის წარმოების გარეშე ისევ 6 წლიანი სასჯელი დააბრუნა.
2016 წელს კლინიკა "ლანცეტში" აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა ღვიძლის გადანერგვის 2 ოპერაცია ჩაატარა, ორივე პაციენტი ოპერაციიდან 1 კვირაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ფარმან ჯეირანლი დააკავეს. 2018 წელს მას 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 7 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. კითხვები არ დაუსვამთ, არ იყო თარჯიმანი აზერბაიჯანულიდან რომ ეთარგმნა - განაცხადა აფგან მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. საბოლოოდ, მუხთარლი 9 აპრილს გამოიკითხა.