
"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე Facebook-ზე წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტი იდეალური არაა, ის ხელს მაინც მოაწერდა.
როგორც კაპანაძე განმარტავს, თუ ეს დოკუმენტი ბოლო შანსია, მაშინ ოპოზიციის მხრიდან დათანხმება სწორი იქნება.
"შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში ქოცების 43%-ზე მეტის ვერ მიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.
ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქართული ოცნება. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა, კი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.
თუ მოლაპარაკებები გრძელდება და მეტის მიღებაც შეიძლება, ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები. თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.
ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ოცნება მონდომებს ამას, ისედაც გააკეთებს.
პ.ს. ჩემი პირადი აზრია.
პ.პ.ს. პარლამენტარის მანდატი არ მაქვს",-წერს კაპანაძე.
შეგახსენებთ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.
ამ დროისთვის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარტია "გირჩის" ლიდერებმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელო საქართველოსთვის" პოზიცია, მათი თქმით, ისინი დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულმა ოცნებამ" დღეს განაცხადა, რომ დოკუმენტს განიხილავენ.