
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა. მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია. ის ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ისეთ კანონპროექტს დააინიცირებს, რომელზე დათანხმებაც ოპოზიციას გაუჭირდება და ამით "ქართული ოცნება" ოპოზიციის დისკრედიტაციას შეეცდება.
"ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია. იგი ძალიან განიცდის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება იმდაგვარ ამნისტიის კანონს დააინიცირებს, რომელზეც ძალიან ძნელი იქნება დათანხმება და ფაქტობრივად ამით შეეცდებიან ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტირებას. თუმცაღა იგი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდნენ მოძალადეები და არ მოხდეს აღნიშნული კანონით მოძალადეების ინდულგენცია",-თქვა კონდახაშვილმა.
პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტზე ხვალ, 27 აპრილს იმსჯელებს.
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის კი დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ, რომელი მუხლები გაიწერება საბოლოოდ კანონში.