"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით მმართველმა გუნდმა თავად აღიარა, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური აღქმის მქონე საქმეა. გიორგი კონდახაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში დაუშვებელია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩეს.
რაც შეეხება 29 აპრილს ჩანიშნულ პროცესს, კონდახაშვილი ამბობს, რომ პროცესზე შესაძლოა მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდეს. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარე და თავად მელიაც ევროკავშირის თავდებობა მიესალმება.
"29 აპრილს ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, აქ სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მოგეხსენებათ, საუბარია ევროპარლამენტარების თავდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ცალსახა პოზიტიური პოზიცია და მივესალმებით ევროპარლამენტარების ძალისხმევას, თუკი ასეთი იქნება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან.
ამას გარდა, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ნიკა მელიას საქმე თვით ხელისუფლების მიერ აღიარებულია, როგორც პოლიტიკური აღქმის მქონე სისხლის სამართლის ქეისი. როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ ასპექტებზე, წარმოუდგენელია, რომ პირი დარჩეს უკანონო პატიმრობაში. ხელისუფლებას მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, თუკი ოდნავ მაინც თავმოყვარეობა აქვს შენარჩუნებული სასამართლოს და პროკურატურას",-თქვა კონდახაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.
ამავე თემაზე:
განიცდის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად - ადვოკატი ნიკა მელიას შეხვდა