ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა - GDI სანქციების გამკაცრების კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) "ქართული ოცნების" ინიციატივით პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება. GDI მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციის გამკაცრების ლეგიტიმური საფუძველი და მისი ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

"განმარტებით ბარათში ცვლილებების ძირითად მიზეზად დასახელებულია აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობის ზრდა, რაც ინიციატივის ავტორთა თქმით იმაზე მიუთითებს, რომ არსებული სანქცია არაა ეფექტური სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციისათვის. თუმცა ბარათში არაფერია ნათქვამი იმ შესაძლო მიზეზებზე, რომელიც ამ ტენდენციის მიღმა შეიძლება არსებობდეს და დაკავშირებული იყოს არა მოქალაქეთა მიერ კანონის დარღვევასთან, არამედ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ პოლიციელთა მიკერძოებულ რეაგირებასთან.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმები არის სწორედ ის მუხლები, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს საპროტესტო აქციების დროს მანიფესტატორთა დასაკავებლად. შესაბამისად, მათი გამოყენებით ადამიანთა შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში თვითნებურად ჩარევის შესაძლებლობა კრიტიკულად მაღალია.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ უკვე წლებია ისმის კრიტიკა საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე, რაც არღვევს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს და ახალ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის კოდექსს იღებდეს, ის კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ შეუსაბამობას და კანონს კრიტიკული აზრის ჩასახშობად იყენებს", - წერია განცხადებაში.

GDI წერს, რომ საქართველოში თავისუფლების ხარისხი და უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება ამის ფონზე კი მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული ცვლილება ცხადჰყოფს ხელისუფლების რეალურ ზრახვებს - "ებრძოლოს კრიტიკულ აზრს საპოლიციო ძალით".

GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილება და არ შექმნას დამატებითი რეპრესიული მექანიზმი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი