არ შეიძლება, დანაშაულის ერთხელ ჩამდენს და რეციდივისტს ერთი რეგულაცია შეეხოს - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პროპორციულია და დარღვევასთან მიმართებაში პროპორციული სანქციების დაკისრებას გამოხატავს.

ოხანაშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ ერთხელ და ხუთჯერ დანაშაულის ჩამდენი პირი ერთი რეგულაციის ქვეშ თავსდებოდნენ.

"არ შეიძლება, რომ ერთხელ ჩამდენმა პირმა და ხუთჯერ და ათჯერ, არაერთი გზის, უხეშად რომ გითხრათ, რეციდივისტი, ერთი რეგულაციის ქვეშ თავსდებოდეს. წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაიყოს ორ ნაწილად და პირველ ჯერზე ჩადენა იყოს ისევ ისე, როგორც დღეს არის, ისევ 500-დან 1000-ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე და იმ შემთხვევაში, თუ ეს არის განმეორებით და განმეორებით შეიძლება იყოს, მეორეც, მეოთხეც და მეათეც, ამ შემთხვევაში იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე და ადმინისტრაციული პატიმრობა დაიწყოს 7-15 დღემდე.

15 დღეს არ ვცდებით, პროპორციულია და გამოხატავს სამართალდარღვევის ჩადენასთან მიმართებაში პროპორციული სანქციების დაკისრების შესაძლებლობას",-თქვა ანრი ოხანაშვილმა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მოტივაცია არა პირის დასჯა, არამედ, ისაა, რომ ერთგვარი წახალისება არ მოხდეს პირველ, მეორე და მესამე შემთხვევაზე ერთი და იგივე სანქციით.

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი