შექმნან საგამოძიებო კომისია, გამოჩნდება ბევრი ადამიანის დანაშაულებრივი ქმედება - მშვენიერაძე "კარტოგრაფების საქმეზე"

გამოქვეყნდა:

იურისტი გიორგი მშვენიერაძე პარლამენტს მოუწოდებს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნან. მშვენიერაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ, ივერი მელაშვილის მხრიდან მცირე დარღვევა მაინც გამოიკვეთება, მელაშვილი მზად არის პასუხი აგოს.

ასევე მშვენიერაძის თქმით, გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, საქმეში არა მელაშვილის, არამედ იმ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, რომლებმაც საქმის წარმოება დაიწყეს.

"მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით იმ დეპუტატებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში ან შევლენ უახლოეს მომავალში, რადგან მათაც კარგად იციან, რომ კარტოგრაფების საქმე მათ წინააღმდეგაც დაწყებული საქმეა, პიარის თვალსაზრისით, შექმნან საგამოძიებო კომისია შეისწავლონ ყველა მონაკვეთთან დაკავშირებით, რაც კი დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე პროცესი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

თუკი რაიმე სამართალდარღვევა გამოიკვეთება, თუნდაც ოდნავი ბრალეულობა ექნება მელაშვილს, ის მზად არის ამაზე პასუხი აგოს. მაგრამ ასეთი იქ ვერ იქნება, სამაგიეროდ გამოჩნდება ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაულებრივი ქმედება, მათ შორის ამ საქმის წარმოების დროს და მათ უნდა აგონ პასუხი",-თქვა მშვენიერაძემ.

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი