"გირჩის" ლიდერი და პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.
მისივე თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
"ერთი თემა განვიხილეთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, ამ ცვლილებების შესახებ მე Facebook-ზე ვთხოვე პრეზიდენტს, რომ დაედო ვეტო. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს სურდა ჩემთან საუბარი. ჩემი პოზიცია გავაცანი. ავუხსენი თუ რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსთან, რომლის გულშემატკივარიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო. რამდენიმე დღე, შეიძლება საათიც არის დარჩენილი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს", - თქვა ხვიჩიამ.
"ოცნების" კანონპროექტის თანამხად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება. იაგო ხვიჩიამ, სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადების მოთხოვნით მიმართა.
იაგო ხვიჩიას გარდა, დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.