ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკვლელი „შავი სოკო“ უფიქსირდებათ

გამოქვეყნდა:

ინდოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს იშვიათი და პოტენციურად მკვლელი სოკოვანი ინფექცია, სახელად მუკორმიკოზი უვითარდებათ.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, მუკორმიკოზს ობის სოკოების ჯგუფი, მუკორმიცეტები იწვევს, რომლებიც ნიადაგსა და გახრწნის პროცესში მყოფ ორგანულ ნივთიერებებში იზრდება (ფოთლები და ხეები).

მუმბაის ერთ-ერთი კლინიკის თვალის ქირურგის თქმით, ეს სოკო საკმაოდ გავრცელებულია და ნიადაგში, ჰაერსა და ჯანმრთელი ადამიანების ცხვირსა და ლორწოშიც კი შეინიშნება.

ობის სოკო სხეულში გაჭრილი ან გახეხილი კანიდან აღწევს. ინფექცია სოკოს სპორების შესუნთქვის შემდეგ შეიძლება სინუსებსა და ფილტვებშიც მოხვდეს. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, სოკო ხანდახან სისხლში ვრცელდება და სხვა ორგანოებს, მაგალითად, ტვინს, თვალებსა და გულს დიდ ზიანს აყენებს.

► ნახეთ: ყველაფერი, რაც ინდოეთსა და იქ გავრცელებულ ახალ შტამზე უნდა იცოდეთ

ყველაზე ხშირად მუკორმიკოზი დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ესხმის თავს, მათ შორის დიაბეტის მქონეებსა და იმუნური სისტემის დამასუსტებელ მედიკამენტებზე მყოფ ადამიანებს. The New York Times-ის თანახმად კი, ახლა ეს ინფექცია კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ემართებათ.

მაჰარაშტრას შტატში, სადაც მუმბაი მდებარეობს, მუკორმიკოზი 200 ადამიანს კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ დაემართა, მათგან რვა კი შავი სოკოსგან დაიღუპა. შემთხვევები დელიშიც და გუჯარათის შტატში ფიქსირდება. მთავრობამ დაავადების სამკურნალოდ სოკოს საწინააღმდეგო წამალი ამფოტერიცინი B-ს 5000 დოზა შეუკვეთა.

შემთხვევათა მატება შესაძლოა ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ-პაციენტებში სტეროიდების გამოყენებას უკავშირდებოდეს, რადგანაც ეს წამლები იმუნურ სისტემას აქვეითებს. დიაბეტის მქონეები კი სტეროიდების მიღებამდე უკვე გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

დიაბეტი იმუნურ სისტემას აქვეითებს, კორონავირუსი ამ პროცესს ამწვავებს, შემდეგ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული სტეროიდები კი ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოქმედებს - ამბობს BBC-სთან ერთ-ერთი ინდოელი ექიმი.

გარდა ამისა, მრავალმა ოჯახმა თავიანთ ნათესავებს კოვიდ-19-ზე სახლში უმკურნალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არასტერილურ გარემოში წამლის მიღებისას ან ჟანგბადის თერაპიის დროს ინფექციის გამომწვევ სოკოსთან უფრო ხშირად ჰქონდათ კონტაქტი.

მუმბაიში შავი სოკოთი დაავადებული პაციენტები აპრილშივე გამოჩნდნენ. მათგან უმეტესობას დიაბეტი ჰქონდა და საავადმყოფოების გადატვირთვის გამო, კოვიდ-19-ისგან სახლში რეაბილიტირდნენ. 11 პაციენტს თვალის ქირურგიულად მოცილება დასჭირდა, რადგანაც ობის სოკო თვალიდან ტვინში მარტივად აღწევს.

ინფექციის ადრეულ ეტაპებზე პაციენტებს ცხვირიდან სისხლის დენა, თვალების შესიება, ჩაცვენილი ქუთოთოები და ბუნდოვანი მხედველობა აწუხებთ. ცხვირის გარშემო კანზე შესაძლოა შავი ლაქებიც გაჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი