ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ამბობს, რომ ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელის ქალაქები, მათ შორის ის ქალაქებიც, სადაც ქართველი ებრაელები ცხოვრობენ.
როგორც რან გიდორი აღნიშნავს, საერთაშორისო მედიაციის ჩართულობით, ისრაელის მხარე დაძაბულობის მოსაგვარებლად მზად არის.
"ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელიც ისეთ ქალაქებს დაეცა, როგორებიცაა იერუსალიმი, თელ-ავივი, და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამი ქალაქი, რომელსაც ქართველები ძალიან კარგად იცნობენ, რადგან იმ ქალაქებში ქართველი ებრაელები ცხოვრობენ, ესენია აშდოდი, აშქენონი და ლოდი, ძალიან სერიოზულად დაზიანდა.
ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ამ 850-ზე მეტი რაკეტიდან ჩვენმა ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემამ 90% ჩამოაგდო, მაგრამ სამწუხაროდ 10% მაინც დაეცა რამდენიმე ადგილას. ახლა ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა და ასობით საავადმყოფოშია. რა თქმა უდნა, ყველა ძალიან ნერვიულობს და მეც ყოველ წუთას ვურეკავ ოჯახის წევრებს, მაგრამ პანიკა არ არის, რადგან ისრაელის მოქალაქეები ძალიან კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებულები არიან მსგავს სიტუაციებში. ყველა სახლს აქვს ბუნკერი, სადაც ადამიანებს თავის დაცვა შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ისრაელოის მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა ძალიან ზარალდება ამ შეტევებით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ პალესტინის ხელმძღვანელები კარგად გაიაზრებენ, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერში სწორედ პალესტინელები ზარალდებიან.
ჩვენ მზად ვართ, საერთაშორისო მედიაციის საშუალებით, ეს დაძაბულობა მოვაგვაროთ, მაგრამ ერთ რამეს არასდროს დავთმობთ და ეს არის ისრაელის უფლება, რომ თავი დაიცვას",-თქვა რან გიდორმა.
"მთავარი არხი" ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ერთ მხარეს ტერორისტული დაჯგუფება დგას, რომელსაც ისრაელის ნაცვლად, თეოკრატიული ისლამისტური სახელმწიფო უნდა, მეორე მხარეს კი ნათელი სამყარო.
"ეს არ არის ისრაელის და პალესტინელების ბრძოლა. ეს არის ნათელი სამყაროსა და ტერორისტების ბრძოლა. ამიტომ ყველა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რომ ის არის ტერორის მხარეზე თუ ნათელი სამყაროს მხარეზე. ხამასი, რომელიც არის მმართველი, ხამასის იდეოლოგია არის, რომ უნდათ გააკეთონ თეოკრატიული ისლამისტური სახელმწიფო ისრაელის მაგივრად. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით ჩვენ მეზობლებს, უნდა გადაწყვიტონ, რა უნდათ, უნდათ იცხოვრონ ჩვენ გვერდით, თუ ჩვენს მაგივრად.
თუ ჩვენს გვერდით, მე მჯერა, რომ ისრაელის ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ რეგიონი განვითარდეს. თუ ჩვენს მაგივრად, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი პასუხი ტერორის წინააღმდეგ.
თუ გადაწყვეტენ, რომ მზად არიან მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, თუ მზად იქნებიან, რომ თავიანთი შვილები შეუყვარდეთ, მე მჯერა, რომ ისრაელიდან გამონახავენ მოლაპარაკებას, ვინაიდან ეს ტრორისტული აქციებია, თვითონ უნდა გამონახონ გამოსავალი",- თქვა იციკ მოშემ.
ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.