"შავით თეთრზე წერია, თქვენ ძალიან ცუდად იქცევითო" - ოპოზიცია ელჩების ერთობლივ წერილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევრიკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ერთობლივ მიმართვას, რომლის თანახმადაც მედიატორი ელჩები აფრთხილებენ და მკაცრ მითითებებს აძლევენ მმართველ გუნდს, საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები, აფასებენ ოპოზიციაში.

მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ელჩების მიმართვა საყურადღებოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგგარეშე კონფერენცია, ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. "წერილში შავით-თეთრზე წერია, თქვენო ძალიან ცუდად იქცევითო" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი. მისივე თქმით, "მმართველი გუნდი იმდენად არ ატარებს გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და იმდენად ცუდად იქცევა, რომ დიპლომატებს მოუწიათ წერილის გამოქვეყნება".

მოძრაობა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ნიშანდობლივია, რომ წერილში ელჩები მმართველ გუნდს სანქციებს ახსენებენ" იმ შემთხვევაში, თუ ის 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევს.  

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, მმართველი გუნდი ცალსახად არღვევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

რაც შეეხება "ლელოს", პარტია მოითხოვს კონფერენციის გადადებას, მანამ სანამ მართლმსაჯულების რეფორმაში შესაბამისი ცვლილებები არ იქნება მიღებული. "ეს კონფერენცია ჩვენ მიერ აღქმული იქნება, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - ამბობს ბადრი ჯაფრიძე. 

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ჩანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი