"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ. სხდომაზე პროკურატურა რამდენიმე მოწმეს წარადგენს, თუმცა უცნობია ამჯერად ვინ მისცემს ჩვენებას სასამართლოს წინაშე.
პროცესი ამჯერადაც ნიკა მელიას გარეშე ჩაივლის, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის დარბაზიდან გააძევა.
"თუ არ ვცდები კვირაში ორი პროცესი ჩაინიშნა, არც ვაკვირდები, არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის და ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი მიმართული იყოს ამაზე. მე ვიცი რა არის გასაკეთებელი, მე ვიცი, რომ მინიმალური ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამოცანა, რომელიც შემდეგ უნდა შევასრულოთ - რას ვთავაზობთ საზოგადეობას, რა გეგმით ვართ", - თქვა ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.