"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მმართველმა გუნდა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი იმიტომ გადადო, რომ მათ შეეშინდათ.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ოხანაშვილს შეეშინდა, რომ პლენალურ სხდომაზე ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გამოსვლა სწორედ ამნისტიის კანონპროექტზე ექნებოდა.
რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის თავმჯდომარე გააკეთებს.
"გადადეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს იმის, რომ ნიკა მელიას პირველი გამოსვლა პლენალურ სხდომაზე იქნებოდა სწორედ ამნისტიის კანონზე. გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ისინი ფორმალურად უმრავლესობაში არიან და ამიტომ გამოიყენეს ეს და ამით შეცვალეს დღის წესრიგი.
მაგრამ არა უშავს, პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა მაინც გვექნება და ნიკა მელია დღეს გააკეთებს მთავარ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს",- თქვა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, 8 ივნისს პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვერსიას განიხილავდნენ. თუმცა სხდომა გადაიდო. მმართველი გუნდის დეპუტატმა სხდომის გადადების მიზეზად სხდომაზე ენმ-ის არდასწრების მიზეზი დაასახელა.