"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას აინტერესებს რამდენად დაზარალდება საზოგადოება, თუ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებულ 20 ივნისის ამნისტიის არცერთ კანონპროექტს არ მიიღებენ.
"კითხვა მაქვს, რომელ კანონშია ის, რომ ეს ამნისტიის კანონი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, არის თუ არა ასეთი კანონი, რომ აუცილებლად ეს კანონი უნდა მივიღოთ. მეორე, რამდენად დაზარალდება ჩვენი საზოგადოება თუ ჩვენ არცერთ ამ კანონს არ მივიღებთ, ან თქვენსას ან ბატონი შალვა შავგულიძის", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.
ამ წუთებში პარლამენტი "ქართული ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს.
პარლამენტში ამნისტიის კანონპრიოექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.