თითქმის სამი თვეა, 2021 წლის 17 მარტიდან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობის დღეებს გლდანის ციხეში ატარებს. "მთავარი არხის" ვებგვერდს მან საკუთარი ჩანაწერები გამოუგზავნა, სადაც საკუთარ ემოციებზე, ციხის კედლებს შორის გატარებულ დღეებსა და ყოველდღიურობაზე საუბრობს.
მიყვარს ორშაბათი, დარეკვის დღეა და კარგ ხასიათზე გავიღვიძე მაგრამ ჩამშხამდა, დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა გამიფუჭა ხასიათი და ფიქრები ამიკვიატა, კიდო რამდენი სისუნელე, უსუსურობა და ა.შ. უნდა გააკეთოს ამ მთავრობამ ბიძინას მეთაურობით. კიდო როგორ უნდა დაგვამშიოს, რამდენი უნდა გახდეს ლარის კურსი კიდევ, რა ფასი უნდა გახდეს ბენზინის ფასი და საერთოდ პროდუქტის ფასები, რომ ხალხმა ხმა ამოიღოს და ამგენს უთხრას წადითო.
ისე დღეს შიმშილობა დავიწყე. წინა ორშაბათს როცა ორთვიანი გამიგრძელა წამლების მიღება შევწყვიტე. პროკურორის და მოსამართლის აცილების მოთხოვნით გული ვერ დავუდე წიგნის კითხვას. ახლა ნელსონ მანდელას ვკითხულობ. რა იცი, ამგენის ხელში რამდენ ხანს მოგიწევს ციხეში ყოფნა და მთელი დღე შემძვრალი ვიყავი ტელევიზორში და თვალს ვადევნებდი განვითარებულ მოვლენებს.
გავიღვიძე ნორმალურ ხასიათზე. ვუცდი 11-საათიან საინფორმაციოს. ტანი კარგს მიგრძნობს. ვა, ამირულდა, სახალხო დამცველი არის მოსულიო და კამერიდან გამიყვანენ. მოვედი საკანში და ტელევიზორში ჩემზე საუბრობენ. მაგარი ბედნიერებაა როცა გახსენებენ ტელევიზიით და ხვდები რომ ყველას არ დავიწყებიხარ. ოი, ბედნიერება, სასეირნოდ გამიყვანენ. საკნის სიგრძე არის 9 ნაბიჯი, სასეირნო ოთახის 14 ნაბიჯი მაგრამ მაინც მაგარია, იმიტომ რომ მაინც ეზოში ხარ და მართალია ლითონის ბადის გავლით, მაგრამ მაინც მზეს უყურებ. დღეს მეყოფა ბედნიერება, ამდენი სიხარულით გული არ გამისკდეს. კარგია, ხვალ ტელეფონის დღეა.
12-საათიან საინფორმაციოს ვუსმინე. რაღაც დღეს უღიმღამოდ მომეჩვენა. 2 საათამდე წიგნის კითხვით გავერთე. ისე დღეს ვალერის [ადვოკატი - ვალერი გელბახიანი] ველოდები. ჯერ არ ჩანს, დასარეკადაც არ გამიყვანენ. ხასიათი მიფუჭდება. ახლა 2-საათიან გადაცემას ვუყურებ. ბორჯომის და სოფ. შუქურთის ამბებს ვუსმენ. ბორჯომში ვეცდებოდი და ალბათ ჩავიდოდი. ხოლო ჭიათურაში აუცილებლად ჩავიდოდი მაგრამ რა ვქნა ფრთები დამაჭრენ. ამიტომ სულიერად ვუცხადებ ორთავეს სოლიდარობას.
როგორც იქნა, ჩამომიყვანენ დასარეკად და გამომისწორდა ხასიათი.
8-საათიან გადაცემას ვუყურებ წყალტუბოში დაჭრილ ბავშვზე იყო გადაცემა და გამოჩნდნენ ქუთაისელი ჟურნალისტები ლედი ტუკვაძესთან ინტერვიუს დროს. გული გადამიქანდა, როგორ მენატრებიან სუყველანი. მოკითხვა ყველას ციხიდან.
დღეს გვიან გამეღვიძა. შიმშილის გრძნობა ნამდვილად უკვე არა მაქვს. გონებიდანაც ამოვიგდე, რომ არ ვიკვებები და ასე რომ უფრო ადვილად გავუძლებ. დღეს ადვოკატს ვუცდი. გარეთ გამიყვანენ სასეირნოდ. სიარული გამიჭირდა, მაგრამ მზეზე კარგი იყო.
კითხვაც მიჭირს, მაგრამ დავიწყე ნაპოლეონის კითხვა. მაქსიმები და აზრები პატიმრობის დროს დაწერილი. ჩვენ დღევანდელ დროს რომ შეესაბამება. "ყველაზე დიდი ტირანია დაქვემდებარებულთა ტირანიაა" - ანუ კობახიძის და ღარიბაშვილის ტირანია.
ახლა ვნახე თეა წულუკიანის ინტერვიუ გელათთან დაკავშირებით. არ ვიცი ამ ერს რა ჭირს, რომ ამას იტანს და ასეთ ცინიზმს ასეთ უტიფრობას იტანს. ამის შემხედვარე ხანდახან აზრი მიჩნდება რომ გადავჯიშდით და არაფერი გვაცხია წინაპრების. არ ვიცი, არ ვიცი..
დღესაც გვიან გამეღვიძა და თან პესიმისტურ ხასიათზე. მითუმეტეს პარასკევია და დარეკვის დღე. გულს ვერაფერს ვუდებ. ტელევიზორი ჩავრთე, წიგნი ვცადე, 10 ფურცელი წავიკითხე. რომ გადავდევი რა წავიკითხე ვერ გავიხსენე. ვაა, დღევანდელი დღის დაღამება გამიჭირდება. სიარულიც მეზარება, უფრო სწორად, არ შემიძლია.
ერთი საათი ვიწრიალე წამოწოლილმა, ვერ დავიძინე. ფიქრები შემომაწვა და რაღაც ანდერძისმაგვარის დაწერისკენ მიბიძგა, ქონების გადანაწილება. არა უფრო აღსარება მინდა ოჯახის წევრების მიმართ.
პირველ რიგში, მინდა ბოდიში და პატიება ვთხოვო ჩემს მეუღლეს, ინგას, როდესაც დამიჭირენ და სასამართლოს შემდეგ ვუსმინე მის ინტერვიუს, ნამდვილად ვიცოდი რომ ვუყვარდი, მაგრამ ასეთი უსაზღვრო თუ იყო ნამდვილად არ მეგონა და საერთოდ ბოდიშს არამარტო ამ დღისთვის ვუხდი, არამედ 23 წლის თანაცხოვრების განმავლობაში თუ რამე მიწყენინებია. ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს პირველ რიგში იმისთვის, რომ ვერ ვუტოვებ სამშობლოს. მიუხედავად 33-წლიანი ჯახირისა და წვალებისა სადაც 21 საუკუნეა, სადაც ადამიანები ახდენენ თვითრეალიზაციას, სადაც ადამიანების უმეტესობა ბედნიერია თუ სუყველა არა, სადაც არჩევნების საშუალებით და მოსახლეობის უმეტესობით არჩეული პარტიები ადგენენ მთავრობას და არა 48% პარტია, თაღლითი და მარტო თავის თავზე მოფიქრალი მაჟორიტარებით. ამათი ჩამოთვლით შორს წავალ და აქ დავამთავრებ, მაგრამ ვპირდები თუ უფალი დამაცლის, ამაზე უკეთეს ქვეყანას აუცილებლად დავუტოვებ.
ისე, რასაც ვუტოვებ, ესეც კარგია, ყოველ შემთხვევაში სახელს ვუტოვებ. უმეტესობას ვუყვარვარ და არ მაგინებს და წლების შემდეგ მჯერა არავინ ეტყვის რომ მამაშენი ჩათლახი, კორუმპირებული და ღორი, ნაძირალა იყოვო. თუ ტრაბახში არ ჩამეთვლება, ნაპოლეონის სიტყვებს ვიტყვი: ამნაირ ადამიანებს არ სჭირდება სამგლოვიარო სიტყვები.
დღეს 22 მაისია, შაბათი და დღევანდელ დღეს, 1999 წელს დაიბადა თემური წულაია. ამიტომ დღეს მხოლოდ ამ ამბავზე ვიფიქრებ. ისე, ამ ჩემს შვილებს არ გაუმართლათ, ორივეს, თემურსაც და სალომესაც წელს ჰქონდათ ოქროს დაბადების დღე. სალომეს 14 აპრილს დედა ენის დღეს და გახდა 14 წლის, ხოლო თემური 22 წლის. თემური სახელი, როგორც ასეთი, არ მომწონდა მაგრამ თემურის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, გარდამეცვალა ახლო მეგობარი, თემური ბაკურაძე, მეტსახელად "მასკა". ასეთი ახლო მეგობრის გარდაცვალება პირველი იყო და სიტყვებით ალბათ ვერც აღვწერ და არც ვეცდები. ავდექი და ჩემს გულში მის უკვდავსამყოფად ბიჭს თემური დავარქვი.
ისე, მას მერე იმდენი მეგობარი და ახლობელი გარდამეცვალა, რომ არ ვიცი როგორ გავუძელი ამდენ ტრაგედიას. შორს წამიყვანს ჩამოთვლა და ყველას სულს ბოდიშს ვუხდი. მოდი, ისევ თემურის დავუბრუნდები. როდესაც დაიბადა, პირველი სიხარულის გულშემატკივრების მილოცვების, შამპანიურის დალევის შემდეგ, მოვრბივარ სახლში, მეუღლემ შემომითვალა, რაღაც-რაღაცები რომ მომეტანა. მყავს მაშინდელი 011 (ანუ "ადინაცატი"). მოვრბივარ ჩემი შამილათი რაც შემიძლია ჩქარა და მაშინდელი "გაი" და ერთ-ერთი, გვარს არ ვამბობ, გადმოხტომა უყვარდა, გამომიხტა, გავაჩერე, მოდის და მეუბნება, ჩქარა მოდიოდი, მოკლედ რომ გითხრათ, 10 ლარი უნდოდა მაგ საქმესო. ვეუბნები, რომ შვილი შემეძინა. იქ გამატყავენ თან ვჩქარობ სამშობიაროში რაღაცები მაქვს ასატანი. აბა ესმის და ახლა რავარი ვარ და მაშინ რავარი ვიქნებოდი ახალგაზრდობაში. ბებია ქალი ხარ (ანუ მახარობელი) 10 ლარი რომ მოგცე შენი დედაც, ვაგინებ. გამოაძრო გასაღები და გაიქცა თავის მანქანისკენ. ერთი შენი დედაც-თქვა, ჩავჯექი, ჩამოვყარე სადენები და წავედი. გამომეკიდა, თან 3 რაიონის პოლიციას დაურეკა, რომ ჩავუხვიე ჩემს სახლთან, საჭე ჩაიკეტა და დამადგა თავზე ინსპექტორი და სამი მილიციელი. მილიციელებმა მიცნეს და ურჩიენ დაანებე ამას თავი შენთვის ჯობიაო და შემეშვა. მას მერე თუ დაინახავდა ჩემს მანქანას, ზურგს აქცევდა.
პირველი შიმშილობა 14 დღე იყო და მეტი კარგად ვიყავი ვიდრე ახლა 7 დღეა და მეტად მიჭირს. უფრო მოტეხილი ვარ, არ ვიცი რატომ. თან TV პირველი გამითიშენ, არადა ნამოხვანის აქციაზე რამდენი ადამიანი გამოვა, მაინტერესებს და მიწევს 1 არხის და იმედის იმედად დარჩენა. მე მოწინააღმდეგე ვარ დიდი გესების აშენების და გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად ვიქნებოდი აქციაზე.
9 საატზე იმედზე გადავრთე. შინაარსის მოყოლას და მონაწილეების ხსენებას არ ვაპირებ მაგრამ ვუსმენ მათ და ნაპოლეონის სიტყვები მახსენდება: "მლიქვნელი ურიცხვია, მაგრამ მათ შორის ცოტას თუ შეუძლია ღირსეულად და ზრდილობიანად გაქოს".
დღეს მე-8 დღეა, რაც ვშმიმშილობ. ცუდად ვარ, უკვე მიჭირს. ასაკი მაინც ასაკია. TV პირველი ისევ არ ჩაურთავთ. ვერ ვკითხულობ 20 წუთზე მეტს. დრო როგორ გავიყვანო, იმას ვფიქრობ. ისე, საკანი, რომ იცოდეთ, 9 ნაბიჯია სიგრძეში და 4 ნაბიჯი სიგანეში. ორი ვიდეოთი, რომელთააც აბრა 24/7 და უცებ გადავწყვიტე შემემოწმებია და ტუალეტში შევედი და გავჩერდი ისე ტყვილა. სასიამოვნო კი არ არის, მაგრამ ექსპერიმენტს სჭირდება. 10 წუთში საკნის კარებზე კაკუნია და მიძახიან, გოგი როგორ ხარ, ხო მშვიდობაა. დასკვნა - 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები. ვაშა, ვაშა TV პირველი ჩართენ, გასკდა გული სიხარულით. შევძვრები ტელევიზორში და დავრჩები შიგნით გვიანობამდე.
საერთოდ 8 საათისთვის ვიღვიძებ მაგრამ დღეს თითქმის 11 საათისთვის გამეღვიძა. მე-9 დღეა შიმშილობის. ვერ ვკითხულობ, წერაც მიჭირს. დავიწყე ტელევიზორის ყურება. ვუყურებ "ოცნების" წევრების ერთი და იგივე სახეების განმარტებებს საარჩევნო კანონთან, შეწყალებასთან, აქციებთან დაკავშირებით და მახსენდება ჩემ ბავშვობაში რომ ჩაგვჩიჩინებდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს და ახლა ერთ-ერთს გავიხსენებ - "ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს. ვამბობთ ლენინს, ვგულისხმობთ პარტიას". ჩასვი ბიძინა და იგივეა.
ნამდვილად არ მეგონა, 1988 წელს როცა პირველად დავდექი მიტინგზე თუ ჩემს შვილებს იგივე განცდა ექნებოდა 2021 წელს.
ვააა, ადვოკატი მოვიდაო, ეს დღე უკვე ბედნიერებაა. ვისაუბრეთ, ვემზადებით სტრასბურგისთვის. მოსამართლე შეუცვლიათ. გადავწყვიტეთ შიმშილობის შეწყვეტა.
კარგი დღეა. ვულოცავ მთელ საქართველოს. ვაა, მაგრამ როგორ ვაგებიებ რომ ვულოცავ, ეს ფურცელი როდის ეღირსება დღის სინათლეს. გულს ვიმშვიდებ, აქ ხომ ვულოცავ პატიმრებს, მორიგეებს, მედდებს. თან როცა გულით წერ და მთელი სულით ლოცულობ, გარეთაც გრძნობენ და აღიქვამენ.
გადაცემას მივჩერებივარ. მინდა ვაღიარო, კარგად არის დადგმული სადრესასწაულო პროგრამა. პრეზიდენტსაც ყოველ შემთხვევაში, ადრინდელ გამოსვლებთან შედარებით, უკეთესი გამოსვლა აქვს. ნელ-ნელა ემსგავსება პრეზიდენტს, თუ დრო ეყო, ბოლოში იკარგებს.
გაახარებს წუთისოფელი ბოლომდე კაააცს, მაინც ჩაი*ვენ. სამებაში რაც იკადრენ არ ვიცი რატომ არიან ასე უგნურნი რატომ აზარებენ ასე თავს ადამიანებს. ისე არ მიყვარს ამ თემაზე მაინცდამაინც საუბარი მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - ხელისუფლებაზე უფრო ეკლესიაა დამნაშავე. არ უნდა მისცენ უფლება მანქანებით ეზოში შემოვიდნენ. ღვთის სახლში საშვი დააწესონ. ტაძარში, მის ეზოში, უფლის ხელდასმული მამაოა მბრძანებელი და არა ხელისუფლება. ეს გარეთ იბლატაონ თუ ხალხში ბლატაობს. ისე ხალხში ბლატავს რომ დაიწყებენ, იქაც უნდა მიცენ შენიშვნები.
ისე "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს" თუ წავაკითხებთ კარგი იქნება. კითხვა შეიძლება ეზარებათ მაშინ კინო ვაყურებინოთ და იქნებ მიხვდნენ ტაძარში რომ უფალია და იქ ხელისუფლებას არაფერი ესაქმება და ბოლოს იმ სულგანათლებულმა ქართველმა ხალხმა დამიტიროსო მარტო ხელისუფლებამ კი არაო. "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"..
დღეს რაღაცნაირად გამეღვიძა. ახალი ტყემალი, ბჟინტი ტყემალში, ეკალა, მჭადი, ჭყინტი ყველი, კაი ციცქა და სახლი მინდა, კუხნა. მეტი არაფერი არ მინდა. ხომ შეიძლება, წელიწადში ერთი დღე რაღაცის გარანტიით პატიმარმა ასეთი რამ აისრულოს (სასჯელის სიმძიმესაც გააჩნია). ნამეტანი ლივლივებ. ახვალ ზეცაში და მერე უცებ დაენარცხები და მტკივნეულია.
ა ბიჯო აგისრულდეს ასე ყველაფერი. პროკურორის და მოსამართლის დედის მოკითხვისთვის ახალი საქმე აღუძრავთ. ალბათ იმგენმა არ იცოდნენ და ოლღა ბებისავით ძუძუებით ვლოცავდი. გაიხარეთ, ბიჭებო.
დღეს ნაპოლეონს დავამთავრებ. კითხვის ხასიათზე მოვედი. რაც შიმშილობას დავანებე თავი, დროის შეუმჩნევლად გაყვანის ყველაზე კარგი საშუალებაა. შვალედებში საინფორმაციოსაც ვუყურებ. ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე იყო საუბარი და ხასიათი გამიფუჭდა. და ვთვლი, რომ დროზე უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება ვარესს მივიღებთ. აქ საქართველოში მინდა ვთხოვო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნებს რომ წაყრუებით და მერე მერეს ძახილით მივიღეთ ლუკაშენკო და ასეთი წაყრუების პოლიტიკით ქართველ ლუკაშენკოს ბიძინას სახით საქართველოში მივიღებთ. მერე უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ქვეყნებში. ბოლოს ნაპოლეონის სიტყვებს მოვიყვან: "სამშობლოს დასაღუპად ერთი არამზადაც საკმარისია. ამის მაგალითები ცოტა როდია ისტორიაში".
11-საათიანი საინფორმაციო ვნახე. მერე ისევ გამითიშეს ოპოზიციური არხები და დავრჩი იმედის იმედად. არ ვიცი 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დახშობა რა მაგარი იდიოტიზმია. გამოვრთე ტელევიზორი და გადავედი წიგნის კითხვაზე. ჩერჩილს შევეჭიდე.
ისე გუშინ მოვუსმინე გაზის გაძვირება თბილისში. მაგდენი ქუთაისში და სხვაგანაც რეგიონებში კარგა ხანია იყო. მიკვირს, ხალხი რატომ არ აპროტესტებს მეტად მძაფრად და ოპოზიციის მიკვირს, ასეთი სიტუაციის გამოუყენებლობა დანაშაული მგონია. გამოსვლები უნდა დაიწყონ ტიკარაძის, ეროვნული ბანკის მმართველის, გვარიც არ მახსოვს და შემდეგ ამას რომ არ დააკმაყოფილებენ, ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა დააყენონ. ყოველ შემთხვევაში, მოსვენება არ უნდა მისცენ..
ვაა, რა კარგი რამ წავიკითხე: "საშინელია და აღმაშფოთებელი, როცა ადამიანებს სიტუაციის გამოსაცვლელად მხოლოდ ციხე აქვთ" - ჩერჩილი.
კიდევ გათიშულია TV პირველი. არადა, ოპოზიციური ტელევიზიებიდან მხოლოდ მას აჩვენებდნენ. ანუ, 405-ე საკნიდან პირდაპირ ბიძია-ბაბუასავით ჭურში (ქვევრში) მიკრენ თავი. უნდა დავიწყო შესწავლა ფიზიკის და ფრენოლოგიის.
ისე, როცა დაჭერილი ხარ, მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება გაქცევაზე არ იფიქრო. 20 წუთი მაინც. არ ვიცი ალბათ პატიმარი არ მეგულება, რომ ასე არ იყოს. რომ გამოვალ, მელიას უნდა ვკითხო, დროის რა ნაწილს ფიქრობდა გაქცევაზე.
ეე რაის გამქცევი ვარ, ჩავყვინთო წიგნებში ჯობია. ხვალ სასამართლოა და იქნებ დამავიწყოს და დროც მალე გაიყვანოს.
გამეღვიძა. ჩავრთე ტელევიზია. დრო რომ გაიგო, კაზინოს არ იყოს, საათი არ არსებობს ჩემნაირი პატიმრისთვის. ვაა, TV პირველი ჩაურთავთ. 8 საათი სრულდება, ნამეტანი ადრეა. არ გინდა დრო გაიყვანო?
დღეს სასამართლო მაქვს. ეტყობა ჩამყვა ძილში და მიტომ გამეღვიძა ასე ადრე. გულს ვერ ვუდებ ვერაფერს, ბოლთას ვცემ საკანში. ალბათ ორი კმ გავიარე. უკვე გავჩერდები, დავჯღაბნი, გავაგრძელებ.
11-მა საათმა მოატანა. დავიწყე საინფორმაციოს ყურება. ნაცები შევიდნენ. ახლა გავიგე. ძნელია აქედან განსაჯო. მე მთელი მსოფლიო რომ უპირისპირდებოდეს ის მინდა, მაგრამ ჩემს გემოზე ხომ არ იქნება ყველაფერი. მეტი საინტერესო არაფერი. ვაა, გამიფუჭდა ხასიათი ლიეტუვას რაგბის ნაკრების ამბავი რომ გავიგე. "ზნეობათა დაცემა - აი, სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური მთლიანობის დაღუპვა" - ნაპოლეონი.
გოგი წულაიას ჩანაწერებს ჩვენს მკითხველს, ეტაპობრივად, მომდევნო დღეების განმავლობაშიც შემოგთავაზებთ.
იხილეთ ასევე: