ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესისას არ იჩქარონ.
ჰარცელის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მიკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებითაც განიხილება.
ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია და დასავლეთი მას მხარს დიდი ხანია უჭერს.
"სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და ნდობის დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ბევრი წლის განმავლობაში მხარს ვუჭერთ. ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად, შეერთებული შტატებიდან და ევროპის საბჭოდან, გამოვთქვით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ სჯობს ცოტა შენელება და არ იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები ამ დანიშვნებთან დაკავშირებით.
ასევე ამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს.
იმედი მაქვს, ასე იქნება განხილული პარლამენტში და ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება ასევე განხილული იქნება, მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით არ იქნება აჩქარება, იმიტომ რომ აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ამ ხელისუფლების განხორციელების პროცესში,-თქვა კარლ ჰარცელმა.
დღეს, 23 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა არ შეჩერდება. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ასევე დღეს, "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს.