რა სანქციები, სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა დასავლეთმა მმართველ გუნდს სანქციები დაუწესოს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებენ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ პარტიის მხრიდან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს არ აწერს, სანქციებზე საუბარი "ღიმილის მომგვრელია" და ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებას "ზედმიწევნით" და შინაარსის შესაბამისად ასრულებს.
"რა სანქციები, სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია. ნაცმოძრაობა, რომელიც არის პირველი ოპოზიციური პარტია შედეგების მიხედვით, დღემდე ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს, ესენი საუბრობენ სანქციებზე, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როდესაც პარტია ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს და მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. რაც არის ასახული მიშელის დოკუმენტში, ზედმიწევნით ვმოქმედებთ, ამ ტექსტის, სულისკვეთებისა და შინაარსის შესაბამისად",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არაერთი მოწოდების მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა არ შეჩერდება. "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანბხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. სენატი ასევე მოუწოდებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.