სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას აფასებ და ამბობს, რომ არასწორია, როცა ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად მშვიდობიან მოქალაქეებთან ათანაბრებ. მისივე განცხადებით, არასწორი იყო პრაიდთან პოლიტიკური სარჩულის მიკერება.
"უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც და დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით. მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს და დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ "მთავარი არხის", "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს. პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს, ჩალეწეს შუშები და დაარბიეს ტერიტორია, მოგვიანებით "თბილისი პრაიდის" შენობაში აივნიდან აძვრნენ, დაწვეს დროშები, დააზიანეს ინვენტარი.