ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მთავრობის განცხადებებმა ლგბტქი თემის წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. მისი შეფასებით ეს სამარცხვინოა.
"უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ყველას დაცვის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ლგბტქი-ის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო "თბილისი პრაიდის" მრავალი მშვიდობიანი აქტივისტის სიცოცხლე. სამარცხვინოა", – წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული.