"ევროპული საქართველო" რუსთაველზე დღეს, 20:00 საათზე დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერიმ გააკეთა.
"20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ", - აცხადებს გიგა ბოკერია.
მდუმარე აქცია დღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დააანონსა, მას ცოტა ხნის წინ შეუერთდა მოძრაობა "დროაც".
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.