ძალადობა ქალ დეპუტატებზე - ოპოზიცია და უფლებადამცველები კუჭავას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

18 ივლისს, სხდომათა დარბაზში "ქართულ ოცნების" დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის ქალ დეპუტატებზე ძალადობის გამო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. 

მათ განცხადების გაკეთება პარლამენტში სურდათ, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

ქალი დეპუტატები და უფლებადამცველები გმობენ ძალადობას და კუჭავას კონკრეტული განცხადების გაკეთებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"მივმართავ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან, მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. იმიტომ, რომ 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის, ამიტომ, ბატონო კახა, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ მამაკაცებს", - თქვა თამარ კორძაიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, 18 ივლისს ქალებზე პირდაპირ იძალადეს უმრაველსობის დეპუტატებმა, რაც წარმოუდგენელია და არცერთ თანამედროვე სტანდარტს არ შეესაბამება. 

"მე მინდა შევპირდე ყველა მოძალადეს, რომ ჩვენ ბოლომდე, სამართლებრივად, და მათ შორის საჯაროდ, აუცილებლად გავახმოვანებთ იმ ძალიან მძიმე მოვლენებს და შეფასებას რომელიც ეხლაც დადგა, იმიტომ რომ არავინ ამაზე არ იღებს ხმას, მხედველობაში მაქვს კახა კუჭავა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მისცეს [ფატს]" - თქვა მან. 

ადგილზე განცხადება გააკეთეს ქალთა უფლება დამცველებმაც, იდა ბახტურიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ძალადობის აღკვეთის პრაქტიკას უნდა ქმნიდეს და არა მწვანე შუქს უნთებდეს მოძალადეებს. 

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საშვები დაშვებული ჰქონდათ და სამარცხვინოა, რომ ისინი პარლამენტში მაინც არ შეუშვეს. 

"საიას" ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, სამარცხვინოა, რომ წინსვლის ნაცვლად იმ დროს დავუბრუნდით, როცა ქალზე ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამ ფაქტებს "ქართული ოცნება ქვის ხანის" დროინდელი არგუმენტებით ამართლებს.

18 ივლისს სასესიო დარბაზში, სავარაუდო ძალადობის ფაქტს ადგილი 3 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ ჰქონდა. ოპოზიციის წევრებმა საკითხის შესასწავლად პარლამენტის ეთიკის საბჭოსაც მიმართეს. იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი