"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. სამივე მოწმე, სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო.

პროკურორ, ამირან გულუაშვილის თქმით, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს მაზე, თუ  რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები.

"მათ დეტალურად აღწერეს რა ვითარებაში მოხდა მომიტინგეთა მხრიდან მათი დაზიანებები, ასევე, აღინიშნა ის გარემოება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი ფაქტობრივად ძალიან დიდხანს, გვიან ღამემდე შეინაჩუნა",- ამბობს ამირან გულუაშვილი. 

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, არცერთ მოწმეს ნიკა მელიასთან შეხება არ ჰქონია და არც მისი მოწოდება გაუგიათ.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია, არც უშუალოდ, არც მისი მოწოდება გაუგიათ და საერთოდ უარყვეს რაიმე სახის კონტაქტის, ძალადობის ან მოწოდების ფაქტი ნიკა მელიას მხრიდან",- ამბობს ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი. 

ცნობისთვის, მომდევნო სხდომა ნიკა მელიას საქმეზე 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი