"ეს ის შემთხვევაა, როდესაც წულუკიანი აკეთებს იმას, რისი წარმოდგენა მეც კი არ შემეძლო მასზე..."- ასე აფასებს "მთავრი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის, პირველი ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტს.
ნიკა გვარამია დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარზე რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას მიმართავს.
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც წულუკიანი აკეთებს იმას, რისი წარმოდგენა მეც კი არ შემეძლო მასზე. ვერ გავიცინებ, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ, რომ ეს ქალი არის ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და უბრალოდ ჩემს კვალიფიკაციას სცდება ამ საქციელის შეფასება. და ეს არ არის ჯანსაღი ადამიანის საქციელი, სამწუხაროდ, მიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ მე უფრო მანაღვლებს ის, რომ ეს არის საქართველოს სახე - მთავრობა მთელი შემადგენლობით და პირველ ვიცე-პრემიერი განსაკუთრებით.
ეს საქციელი არის ორი დანაშაულის შემცველი: ერთი ეს არის ძარცვა, პირდაპირ, ღია ძარცვა და მეორე ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ორივე ერთად საკმაოდ ბევრ წელს ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას ამ მიკროფონის ძარცვისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ეს მიკროფონი და სჯობს, რომ დაუყონებლივ დააბრუნოთ.
ამ დანაშაულის ხანდაზმულობა გავრცელდება მათ შორის იმ დროს, როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით და ნამდვილად არ გისურვებთ, რომ საკუთარი წლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატაროთ, მით უმეტეს, ასეთი კომიკური მიზეზით",- ამბობს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, დღეს სენაკის თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად მისული პირველი ვიცე-სპიკერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "მთავარი არხის" კითხვებით გაღიზიანდა, რის შემდეგაც ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. უცნობია როდის მოისურვებს მინისტრი წულუკიანი ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დაბრუნებას.
იხილეთ ასევე: