"გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როდესაც შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი აგვისტოს პერიოდში ოპოზიციური მედიის დახურვას შეეცდება. ნიკა გვარამიამ, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ელჩებს, ხელისუფლების მკაცრი მონიტორინგისკენ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ, ბუნებრივია მუდმივად ვიქნებით მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ბულინგი თუ იქნება ეს საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ძალადობა, ყველა ეს ფორმა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით აგვისტოში და იყოს ხისტი, ადრესირებული და ძალიან მკაფიო განცხადებებით და ქმედებებით",- თქვა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ "მთავარი არხი" მწვავე გაშუქების რეჟიმს უბრუნდება.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი