"ქართული ოცნება" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გადის. რას მოუტანს ეს ქვეყანას უახლოეს მომავალში? ჯერჯერობით, რაც ნამდვილად ვიცით, რუსეთთან ფრენების აღდგენას. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 3-4 საათში ამის შესახებ გრიგორი კარასინმა გვაცნობა, რაც შეშფოთების საბაბი ნამდვილად არის.
მაგალითისთვის, პარალელი შეიძლება იანუკოვიჩისდროინდელ უკრაინასთან გავავლოთ. ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად მოსული ვიქტორ იუშჩენკოს შემცვლელი რომ რუსეთის მიმართ უფრო დიდი სიმპათიით იყო განწყობილი, ვიდრე მისი წინამორბედი, ამაში ეჭვი თავიდანვე არავის ეპარებოდა, თუმცა მისგან აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯებს ბევრი მაინც არ ელოდა. შეცდომა მოუვიდათ. იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის სასარგებლოდ უგანა და სწორედ ეს გახდა საწყისი წერტილი, რომელმაც უკრაინაში კიდევ ერთ რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა გამოსვლები კიევში, რაც ძალიან მალე ისეთ ტალღაში გადაიზარდა, რომ იანუკოვიჩის პრორუსული ხელისუფლება ერთიანად ჩამორეცხა. უკრაინელებმა, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც პროევროპულადაა განწყობილი, პრეზიდენტს მთავარ მიზანზე უარის თქმა არ აპატიეს და, ესეც რომ არა, მისი განუზომელი და მანამდე არნახული კორუფცია ისედაც ყველას ყელში ჰყავდა ამოსული.
იანუკოვიჩისგან განსხვავებით და იმის გამოც, რომ უკრაინელის მაგალითი ცხვირწინ ჰქონდა, "ქართული ოცნება" უფრო ფრთხილობდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა იმდენად გაეზარდათ, რომ მანევრირებისთვის საკმარისი სივრცე აღარ რჩებათ.
შედეგად, საქართველო, რომელიც ერთ დროს პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანა იყო, ნელ-ნელა ლუკაშენკოს ბელარუსს ემსგავსება, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლისა და ძალაუფლების კონსოლიდირების ფარგლებში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს. სხვადასხვა ბრალდებით დაპატიმრებულია 60-მდე ჟურნალისტი. დიდი სადამსჯელო ოპერაცია ბელარუსში მას შემდეგ ჩატარდა, რაც ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე არასამთავრობოებს ბანდიტები და უცხო ქვეყნების აგენტები უწოდა.
გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებისა, ალბათ სულაც არ არის ის დრო, როდესაც "ოცნების" რომელიმე წევრი ლუკაშენკოს მსგავს განცხადებას გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობოებზე სიტყვიერი თუ სხვა სახის თავდასხმები საქართველოში აშკარაა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი