მე ვტოვებ მანდატს, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში - მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის მთლიანად ადგილობრივ არჩევნებზე იქნება გადართული.

ბრიფინგზე მელიამ ასევე თქვა, რომ პარტიის სხვა წევრები პარლამენტში ფორმალურად რჩებიან, რათა  პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები, მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.

"მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით-ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.

მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას", - თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადების შემდეგ პარლამენტი დატოვა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამაც. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლომდე შესრულებისთვის, ბრძოლას პარლამენტიდან გააგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი