შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის გამოძიებაში სიახლეებზე და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს.
"ჯერჯერობით სიახლეებს ვერაფერს ვერ გეტყვით, გვაქვს რაღაცეები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ, უკაცრავად. ნუ მალაპარაკებთ. ბევრჯერ მითქვამს, შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ 2 ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი რაღაც სიტყვით, არ მინდა ხელი შევუშალო", - თქვა მან.
კითხვაზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის გადაადგილებაზე ვიდეოების მალევე გასაჯაროებისგან განსხვავებით, რატომ არ ამოიღეს ჩანაწერები ამ შემთხვევაში, მინისტრი ამბობს:
"სხვადასხვა თემა იყო, საერთოდ სხვადასხვა თემაა, მეორეც, სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება დაღუპული, გარდაცვლილი, ყველაზე ვმუშაობთ ერთნაირად, არის ერთი სტანდარტი", - თქვა გომელაურმა.
მინისტრმა თქვა, რომ ორი შემთხვევა იციან, როცა მთაწმინდაზე, იმავე ადგილზე სხვა პირებსაც დაესხნენ თავს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა, აღნიშნული პირები კი დაკითხეს.
ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.