შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ თეა წულუკიანი მისი მეგობარია და ცუდს ვერ იტყვის. ამ განცხადებით ის ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის მიერ, "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხმაურება.
გომელაურმა არ დააკონკრეტა ხედავს თუ არა მინისტრის საქციელში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ დრომდე უცნობია შსს-ს აპირებს თუ არა მომხდარზე გამოძიება დაიწყოს.
"დააყაჩაღა, კარგით ეხლა. თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რა პასუხი უნდა გაგცეთ აბა მითხარით. თეა ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია, ცუდ ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მე მახსოვს როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი", - თქვა გომელაურმა.
ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში "დაიბარა".
მინისტრს მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.